SELFTRAVEL.GE

გურჯაანის ყველაწმინდა და კვეტარა

გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი მდებარეობს სოფელ გურჯაანის მახლობლად, ტყეში, კახთუბნის ხეობაში, ქ. გურჯაანიდან 2 კმ-ზე. ხელოვნებათმცოდნეები ტაძრის აგების თარიღად VIII ს-ს მიიჩნევენ. გურჯაანის ყველაწმინდა რთულ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. ტაძრის ასაგებად გამოყენებულია სამი ტიპის საშენი მასალა: რიყის ქვა, შირიმი და აგური. იგი ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა საქართველოში. XVII საუკუნეში ტაძარი მოიხატა.

გვიან შუა საუკუნეებში მონასტერი დიდი თავადების _ ანდრონიკაშვილებისა და ჯორჯაძეების საძვალეს წარმოადგენდა. ირანის შაჰის აბას I-ის შემოსევის შედეგად აქ სამონასტრო ცხოვრება შეწყდა და მხოლოდ 1822 წ. განახლდა. 1938 წელს ყველაწმინდაში ჩატარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. კახეთის ისტორიული ციხე-ქალაქი კვეტარა ახმეტის რაიონში მდინარე ილტოს ნაპირზე მდებარეობს. კვეტარა კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი იყო. "ქართლის ცხოვრება" მას პირველად XI საუკუნის შუა წლებიდან იხსენიებს, თუმცა ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა დაარსებულიყო. ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება ადასტურებს ამ ვერსიას. კვეტარას გარს არტყია რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები მძლავრი გალავანი, რომლის კედლებში დატანებულია კონტრფორსები, მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები. ციხესიმაგრის ჩრდილოაღმოსავლეთ მხარეს, ყველაზე მაღალ ადგილზე, აკროპოლისია, რომელშიც სასახლე და ეკლესია იყო განლაგებული. ჯვრის ტიპის ეკლესია X საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება. იგი, როგორც ჩანს, მეფის კარის ეკლესია უნდა ყოფილიყო. ტაძარი სადაა, ყოველგვარი მორთულობისა და ჩუქურთმების გარეშე, გადახურულია ცისფერი კრამიტით.

Copyright © 2017. ნ. ელიზბარაშვილი, ბ. კუპატაძე
Copyright © 2017. გამომცემლობა "დანი"


გალერეა




შეფასება
საინტერესო / მიმზიდველი
0.0
კეთილმოწყობა/ ინფრასტრუქტურა
0.0
აუცილებელი სერვისები
0.0
სისუფთავე
0.0
აღწერასთან შესაბამისობა
0.0
კომენტარები