დაგვირეკეთ
დაგვირეკეთ +995599417882
ვალუტა
  • ge
  • en
  • ru

მდინარე რიონი და ქალაქი ქუთაისი


მდინარე რიონი დასავლეთ საქართველოში, რამდენიმე ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის _ რაჭის, იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს ტერიტორიაზე მოედინება. იგი სამხრეთ კავკასიაში წყალუხვობით (13,22 კმ3) და აუზის ფართობით (13,4 ათასი კმ2) გამოირჩევა. მისი წყალშემკრები აუზის ფართობი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის 41%-ს შეადგენს.

მდინარე რიონს ისტორიულ წარსულში ფაზისი ერქვა. ეს სახელი მის ჭალებში მობინადრე კოლხურ ხოხობს უკავშირდება. იგი ევროპელებს არგონავტებმა გააცნეს. მდინარე დინების გზაზე კუნძულებსა და რელიეფის სხვადასხვაგვარ ფორმებს (კანიონისებურ ხეობებს, კლდეკარს, ჭალებს, ტერასებს, მეანდრებს) ქმნის. მისი ხეობა ლანდშაფტური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც რელიეფურ და კლიმატურ პირობებს უკავშირდება. მდ. რიონის წყალშემკრებ აუზში 10-ზე მეტი ტიპის ლანდშაფტია წარმოდგენილი, რომლებიც ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად თბილი ჰუმიდური და ზომიერად ცივი ჰავის პირობებშია განვითარებული. მათი მონახულება 2-3 საათის მგზავრობითაა შესაძლებელი, რაც მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.

მდინარე რიონის შუა წელზე საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი ქუთაისი მდებარეობს. იგი მდინარის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 150-300 მეტრზეა გაშენებული. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იანვრის საშუალო ტემპერატურა +5.20, ივლისისა _ +23.20, ხოლო ნალექების რაოდენობა (1380 მმ) თითქმის 1,5-ჯერ ჭარბობს აორთქლებას. არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ აქ ჯერ კიდევ ძვ.წ. VI საუკუნეში არსებობდა ქალაქი. იგი საუკუნეების მანძილზე ასრულებდა საქართველოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ადმინისტრაციული და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას. ქალაქ ქუთაისის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ძეგლია. მის სიახლოვესაა სათაფლიის დაცული ტერიტორიები, აჯამეთის აღკვეთილი, კაცხის სვეტი, ცუცხვათის მღვიმე, ხვამლის მასივი და ბუნების სხვა ძეგლი.

Copyright © 2017. ნ. ელიზბარაშვილი, ბ. კუპატაძე
Copyright © 2017. გამომცემლობა "დანი"


მდინარე რიონი და ქალაქი ქუთაისი : ახლომდებარე ობიექტების ნავიგატორი

რუკაზე

კომენტარები
ზევით