დაგვირეკეთ
დაგვირეკეთ +995599417882
ვალუტა
  • ge
  • en
  • ru

გელათი


გელათის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ქ. ქუთაისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდ. წყალწითელას ხეობაში. მონასტერი დააარსა საქართველოს მეფემ დავით IV აღმაშენებელმა (1089-1125). მონასტრის ტერიტორია მოზღუდულია გალავნით და შედგება 5 ნაგებობისგან. ეს ნაგებობებია: ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი (1106 წ, ტაძრის ზომები: 35 მ X 36 მ X 34 მ), მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით მდებარე წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (XII ს.), წმ. ნიკოლოზის სახელობის ორსართულიანი ეკლესია (XIII-XIV სს.), მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით წყაროზე დაშენებული სამრეკლო ქვის თაღოვანი ფანჩატურით  XIII ს.) და გელათის აკადემიის შენობა.

მთავარი ტაძარი მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით, მდიდარია ფრესკული მხატვრობით. საკურთხევლის კონქში დაცულია გელათის მოზაიკა (ღვთისმშობელი ყრმით, მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები), დასავლეთ სტოაში - XII ს-ის ფრესკა საეკლესიო კრების გამოსახულებით; სამხრეთ ეკვდერში საქართველოს მეფის დავით VI ნარინის (1246-1293) 2 პორტრეტია (სამეფო სამოსითა და ბერული ჩოხით); ჩრდილოეთ კედელზე  ამოსახული არიან იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები (XVI ს), იქვეა დავით IV აღმაშენებლის (1089-1125) პორტრეტი, რესტავრირებული XVI ს-ში.

გელათის მონასტრის გალავნის სამხრეთით, მთავარ შესასვლელში დავით აღმაშენებლის საფლავის ქვაა (თვით საფლავი, სავარაუდოდ, ეკლესიაშია). საისტორიო წყაროების თანახმად, გელათი ერთიანი გელათი საქართველოს მეფეთა საძვალე იყო და XII-XIII სს-ის ყველა მეფე (დავით IV, დემეტრე I, გიორგი III, თამარი, გიორგი IV) და XVI-XIX სს-ის იმერეთის მეფენი (ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, ალექსანდრე V, სოლომონ I, უკანასკნელი ქართველი მეფე სოლომონ II) გელათში არიან დაკრძალულნი.

გელათი სამეფო მონასტერი იყო XII-XV სს-ში და უშუალოდ მეფეს და მწიგნობართუხუცესს (პირველ მინისტრს) ექვემდებარებოდა. გელათის აკადემიის რექტორი ანუ მოძღვართმოძღვარი სამეფო კარზე მაღალი რანგის ფიგურად ითვლებოდა და თითქმის კათოლიკოსს უტოლდებოდა. მონასტრის უფროსი მონაზვნები სამეფო დარბაზის წევრები იყვნენ.

XVI ს-ის 20-იან წლებში გელათში დაარსდა საეპისკოპოსო კათედრა; ხოლო XVI ს-ის ბოლოს დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან უფრო უსაფრთხო გელათში გადაიტანეს. გელათში სხვადასხვა დროს ინახებოდა ქართულ ხელნაწერთა უმდიდრესი კოლექცია, ეროვნული საგანძური (ხახულის ღვთისმშობლის ხატი). 1923 წელს ბოლშევიკებმა მონასტერი დახურეს. მისი განახლება 1990 წელს მოხდა.

გელათის სამონასტრო კომპლექსში შედის გელათის აკადემია - შუა საუკუნეების საქართველოში განათლების უმთავრესი ცენტრი. თანამედროვენი აკადემიას იერუსალიმსა და ათენს ადარებდნენ, ვინაიდან აქ სასწავლო პროცესში შერწყმული იყო ანტიკური და ქრისტიანული მეცნიერების ტრადიციები. აკადემიაში სწავლებასთან ერთად მიმდინარეობდა მთარგმნელობითი და სამეცნიერო საქმიანობა, იქმნებოდა ორიგინალური თხზულებები.

Copyright © 2017. ნ. ელიზბარაშვილი, ბ. კუპატაძე
Copyright © 2017. გამომცემლობა "დანი"


გელათი : ახლომდებარე ობიექტების ნავიგატორი

რუკაზე

კომენტარები
ზევით