დაგვირეკეთ
დაგვირეკეთ +995599417882
ვალუტა
  • ge
  • en
  • ru

ბაგრატის ტაძარი


უქიმერიონის გორაზე აფხაზთა და ქართველთა მეფის, ბაგრატ III-ის მიერ (978-1014 წწ.) ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული ბაგრატის საკათედრო ტაძარი ქალაქ ქუთაისის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. აქ ტარდებოდა ქართველ გვირგვინოსანთა მეფედ კურთხევის ცერემონია, გვირგვინდამრქმელი კი ქუთათელი ეპისკოპოსი იყო. ტაძრის ჩრდ. კედლის წარწერის თანახმად, ტაძრის მშენებლობა 1003 წ. დასრულებულა.

ბაგრატის ტაძარს სვეტიცხოვლის, ოშკის, ალავერდის მსგავსად, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში. იგი X-XI სს-ის ქართული ხუროთმოძღვრული სტილის უბრწყინვალესი ნიმუშია. არსებობს ვერსიები XI ს-ის საქართველოს მეფეთა (გიორგი I, ბაგრატ IV) ამ ტაძარში დაკრძალვის თაობაზე. XI საუკუნის პირველ ნახევარში ტაძარს სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭეები მიაშენეს, რომლებიც ძეგლს XIX საუკუნის 30-იან წლებამდე ჰქონდა შემორჩენილი. ბაგრატის ტაძარი მდიდრულადაა შემკული ჩუქურთმებითა და ორნამენტებით, განსაკუთრებით სარკმლის თავებისა და კარიბჭეების მორთულობა. ბაზისები და სვეტისთავები კი რელიეფური გამოსახულებებითაა შემკული. იატაკი გაფორმებული ყოფილა მოზაიკით.

სამწუხაროდ, ამჟამად ტაძარი ძლიერ დაზიანებულია. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, 1692 წელს ოსმალებმა ტაძრის გუმბათი დააქციეს. დროთა განმავლობაში მისი ნგრევა გრძელდებოდა. ამჟამად დაფუძნებულია "ბაგრატის ტაძრის აღდგენის ფონდი", რომლის მიზანია ტაძრის რეკონსტრუქცია თანამედროვე ტექნოლოგიების ფორმატით.

1994 წლიდან ბაგრატის ტაძარი იუნესკოს მსოფლიოს კულტურული საგანძურის ძეგლთა სიაშია. 1995 წელს ტაძარში აღდგა ღვთისმსახურება. 2009 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო ძეგლის სრული რესტავრაცია.

Copyright © 2017. ნ. ელიზბარაშვილი, ბ. კუპატაძე
Copyright © 2017. გამომცემლობა "დანი"


ბაგრატის ტაძარი : ახლომდებარე ობიექტების ნავიგატორი

რუკაზე

კომენტარები
ზევით