SELFTRAVEL.GE

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს ჩრდილოაღმოსავლეთ ნაწილში, დაღესტნისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, კახეთის კავკასიონის ფარგლებში, ზღ.დ.400-3500 მ-ის ფარგლებში მდებარეობს. ტერიტორიის საერთო ფართობია 244 კმ2. იგი ორი ნაწილისაგან - ნაკრძალისა და აღკვეთილისგან შედგება. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები უძველესია კავკასიაში, რომლის ბუნებას გასული საუკუნის დასაწყისში განესაზღვრა ნაკრძალის რეჟიმი.

ნაკრძალი, რომელიც 1912 წელს შეიქმნა, ენდემურ სახეობათა სიმრავლეს უკავშირდებოდა. აქ 100-ზე მეტი სახეობის მცენარე კავკასიისა და საქართველოს ენდემია, რაც დაცული ტერიტორიის უნიკალურობას განაპირობებს. დაცული ტერიტორიების რელიეფი „დაღარულია“ მდინარეთა ხეობებით, რომლებზეც ბევრი ჩანჩქერია. აქვეა საკმაოდ ღრმაწყლიანი შავი კლდის ტბა, რომელიც ალპურ ზონაში განუმეორებელ პეიზაჟს ქმნის. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების შედარებით ხანგრძლივი ისტორია თვალსაჩინოდ აისახა პირვანდელ ბუნებრივ გარემოზე.

აქ კარგადაა წარმოდგენილი ბუნებრივი პირობების ვერტიკალური ზონალობა, ხელუხლებელი ბუნებრივი გარემო, ლანდშაფტური და ბიომრავალფეროვნება. დაცულ ტერიტორიებზე ყველაზე დიდი ფართობი წიფლნარ ტყეს უკავია, შემდეგ მოდის მურყნარები, რცხილნარები და მუხნარები. სუბალპურ ზონაში მაღალი მთის მუხნარი, არყნარი და დეკის ბუჩქნარია გავრცელებული. მდიდარი და მრავალფეროვანი დაცულია ტერიტორიების ფაუნა, სადაც სახეობათა რაოდენობის ძირითადი ნაწილი ფრინველები (150 სახეობა) და ძუძუმწოვრებია (53 სახეობა). აქ ბინადრობენ ისეთი ცხოველები, როგორიცაა: ფოცხვერი (Lynx lynx), მგელი (Canis lupus), მურა დათვი (Ursus arctos), არჩვი (Rupicapra rupicapra), კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis), ირემი (Cervus elaphus), შველი (Capreolus capreolus), გარეული ღორი (Sus scrofa), კრავიჭამია ანუ ბატკანძერი (Gypaetus barbatus), მთის არწივი (Aquila heliaca), შევარდენი (Falco peregrinus), მთისა (Falco peregrinus) და ველის (Aquila chrysaetus fulva) არწივი, ბექობის არწივი (Aquila nipalensis), კავკასიური როჭო (Teatra o mlokosiewieczi) და კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus). დაცული ტერიტორიების სიახლოვეს არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლია. მათ შორისაა წინაქრისტიანული ნასახლარები და სამარხები, ადრექრისტიანული და შუა საუკუნეების ეკლესიები და ციხესიმაგრეები.

Copyright © 2017. ნ. ელიზბარაშვილი, ბ. კუპატაძე
Copyright © 2017. გამომცემლობა "დანი"


გალერეა




შეფასება
საინტერესო / მიმზიდველი
0.0
კეთილმოწყობა/ ინფრასტრუქტურა
0.0
აუცილებელი სერვისები
0.0
სისუფთავე
0.0
აღწერასთან შესაბამისობა
0.0
კომენტარები