SELFTRAVEL.GE

ბოლნისის სიონი და წუღრუღაშენი

 

ბოლნისის სიონი ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტაძარია საქართველოში. ღვთისმშობლის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა ქ. ბოლნისიდან 5 კმ-ზე მდებარეობს. გამორჩეულია თავისი არქიტექტურითა და ორნამენტებით. ტაძრის სამხრეთ შესასვლელის ტიმპანზე ამოკვეთილია სამშენებლო წარწერა, სადაც აღნიშნულია, რომ ტაძარი აშენდა 479-494 წწ-ში. ეს წარწერა, ამავდროულად არის საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუში. წარწერა გვამცნობს, რომ ტაძარი აუგია პირველ ბოლნელ ეპისკოპოსს დავითს, ქართლის მეფის ვახტანგ გორგასლის (457-491 წწ.) მეფობის დროს. ტაძართან მდებარე სამრეკლო XVII ს-შია აგებული.

წუღრუღაშენის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, მდ. ფოლადაურის გაშლილი ხეობის მარჯვენა მხარეს, ბოლნისის სიონიდან ორიოდ კმ-ზე, მდ. ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე. XIII საუკუნის ეკლესიის წარწერებში მოხსენებული არიან გიორგი IV ლაშა (1210-1223) და ეკლესიის მშენებელი ჰასან არსენის ძე. წუღრუღაშენი გეგმით ბეთანიის ტიპისაა, მაგრამ უფრო პატარაა და გუმბათის ყელიც ბევრად მაღალია. ნაგებობა გარედან, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებულ სწორკუთხედშია მოქცეული. შიგა სივრცე შექმნილია ჯვრის 4 მკლავისაგან, რომელთაგან მხოლოდ აღმოსავლეთის მკლავია აფსიდით დასრულებული. საკურთხევლის ორივე მხარეს 2 სართულად განლაგებული სათავსებია, რომელთა ქვედა სართულებში სამკვეთლო და სადიაკვნეა მოთავსებული. ჩრდილოეთით ეკლესიას აქვს მოგვიანო ხანის მინაშენი, როგორც ჩანს, საგვარეულო საძვალე-ექვტერი. ტაძრის მშენებლობისას განსაკუთრებული სიფაქიზითაა გამოყენებული ფერადი ქვები: თბილი მოყვითალო ოქროსფერი, ღვინისფერი და ცისფერი. ძეგლი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმით.

Copyright © 2017. ნ. ელიზბარაშვილი, ბ. კუპატაძე
Copyright © 2017. გამომცემლობა "დანი"




შეფასება
საინტერესო / მიმზიდველი
0.0
კეთილმოწყობა/ ინფრასტრუქტურა
0.0
აუცილებელი სერვისები
0.0
სისუფთავე
0.0
აღწერასთან შესაბამისობა
0.0
კომენტარები