დაგვირეკეთ
დაგვირეკეთ +995599417882
ვალუტა
  • ge
  • en
  • ru

მეტეხის ციხე და ნარიყალა


მეტეხი თბილისის ყველაზე ადრეული დასახლებაა, მდებარეობს ავლაბარში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, კლდოვან შემაღლებაზე. მოიცავდა ისნის ციხეს და მის მიმდებარე ტერიტორიას.ასრულებდა მეფის რეზიდენციის ფუნქციას. აქედან მომდინარეობს სახელი მეტეხი, რომელიც ძველქართულად `სასახლის გარშემო ტერიტორიას~ ნიშნავს.

მეტეხი ვაჭარ-ხელოსანთა უბანი იყო. მის ცენტრში მდებარეობდა მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც პირველად ვახტანგ გორგასალს (V ს.) აუგია. გადმოცემის მიხედვით, მეტეხის კლდის ძირში თბილისის მფარველი წმინდანის, წმიდა აბო ტფილელის წამების ადგილი უნდა ყოფილიყო (786 წ.). ამჟამად აქ მისი სახელობის ეკლესიაა. 1235 წელს მონღოლებმა დაანგრიეს აქ მდგარი სამეფო სასახლე და კარის ეკლესია.

1278-1289 წწ-ში ეკლესია თანამედროვე სახით აღადგინა საქართველოს მეფე დემეტრე II-მ. ამჟამინდელი ეკლესია ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა და იმეორებს ძველი ეკლესიის გეგმას. XVII ს-ში ქართლის `ვალმა~ (მმართველმა) როსტომმა მეტეხს გალავანი შემოავლო. XVII-XVIII სს-ში ტაძარმა ბევრი ცვლილება განიცადა. აქ იდგა სპარსული და ოსმალური ჯარი. რუსეთის მმართველობის პერიოდში (1801 წლიდან) ეკლესია სამხედრო ბარაკად გადაკეთდა. 1819 წლიდან კი მეტეხს მიაშენეს დამხმარე ნაგებობები, რომელიც 1938 წლამდე სატუსაღოს ფუნქციას ასრულებდა. XX ს. 30-იან წწ-ში ტაძრის გარშემო მიშენებები მოანგრიეს, ტერიტორია მოაწესრიგეს. ბოლშევიკები ტაძრის სრულად დანგრევას აპირებდნენ, თუმცა ქართული ინტელიგენციის მოწინავე ნაწილის მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდნენ და ამ ვანდალური აქტის განხორციელება გადაიფიქრეს. ეკლესიის წინ 1967 წ. დაიდგა თბილისის დამაარსებლის ვახტანგ გორგასლის ძეგლი (მოქანდაკე ე. ამაშუკელი). 1988 წლიდან მეტეხის ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო.

ნარიყალა - თბილისის ისტორიული ციტადელი, მთავარი ციხეა. ქართულ წყაროებში იწოდება `დედა ციხედ~. ტერმინი `ნარიყალა~ სპარსული წარმომავლობისაა და ციხეს XVII ს-ში ეწოდა. ნარიყალას ემჩნევა IV-XVIII სს-ის არაერთი რეკონსტრუქციის კვალი. ბოლო რესტავრაცია ნარიყალას 2000 წ. ჩაუტარდა. აღადგინეს წმ. ნიკოლოზის ტაძარი და ციხის გალავანი. ნარიყალას ციხიდან ძველი და ახალი თბილისის ულამაზესი ხედები იშლება.

Copyright © 2017. ნ. ელიზბარაშვილი, ბ. კუპატაძე
Copyright © 2017. გამომცემლობა "დანი"


მეტეხის ციხე და ნარიყალა : ახლომდებარე ობიექტების ნავიგატორი

რუკაზე

კომენტარები
ზევით